ჰისტეროსკოპია
ჰისტეროსკოპია – თანამედროვა მცირეინვაზიური მეთოდია საშვილოსნოს ღრუს კვლევისათვის. პროცედურის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური ინსტრუმენტი – ჰისტეროსკოპი. მისი დახმარებით ექიმი შეაღწევს საშვილოსნოს ღრუში ქირურგიული კვეთებისა და ნაჩხვლეტების გარეშე. ჰისტეროსკოპიის უპირატესობებს შორის გამოყოფენ უმტკივნეულობას, რეაბილიტაციის მოკლე პერიოდს და ოპერაციის შემდგომი გართულებების დაბალ რისკს. აუცილებლობის შემთხვევაში, კვლევის მიმდინარეობისას შესაძლებელია მასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისათვის.
საშვილოსნოს ჰისტეროსკოპიის ჩვენებები:
- უნაყოფობა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
- გაურკვეველი წარმოშობის ხანგრძლივი სისხლდენები;
- შეწყვეტილი ორსულობები ანამნეზში;
- ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადება.
ჰისტეროსკოპია ტარდება სასქესო ორგანოებში სიმსივნურ წარმონაქმნებზე ეჭვის გაჩენისას და დიაგნოზის დასადასტურებლად. ასევე, პროცედურა ინიშნება ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესამოწმებლადაც. ჰისტეროსკოპია საშუალებას იძლევა, დადგინდეს კვანძებისა და წარმონაქმნების ზომები და განლაგება.
პროცედურის უკუჩვენებები:
ჰისტეროსკოპიის ჩატარებაზე უარის თქმა რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში, სისხლის მიმოქცევის პათოლოგიების არსებობისას, საშვილოსნოს ყელის სტენოზისას, მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. უკუჩვენებათა შორის ასევე გამოყოფენ სისხლდენას სასქესო ორგანოებიდან, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ქრონიკული დაავადებების დეკომპენსაციას.
პროცედურის შეზღუდვის დასადგენად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ჩვენს კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური გინეკოლოგები. ჰისტეროსკოპიის ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის ჩივილების საფუძველზე, მისი საერთო მდგომარობის, გასინჯვის შედეგებისა და ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით.
ჰისტეროსკოპიისათვის მომზადება
მდგომარეობის შესაფასებლად პაციენტს უტარდება კვლევები:
- სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- კოაგულოგრამა;
- ანალიზები: აივ, B, C ჰეპატიტი, სიფილისი;
- ელქტროკარდიოგრამა;
- ფლუოროგრაფია;
- მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
- ნაცხის ფლორა და ონკოციტოლოგია.
მომზადების დაწყება რეკომენდებულია კვლევის ჩატარების თარიღის დანიშვნამდე 2 კვირით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში ანალიზების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს. ჰისტეროსკოპიის ჩატარებაზე დაშვების მიღება შესაძლებელია ექიმ თერაპევტთან.
კვლევის ინფორმაციულობის ასამაღლებლად რეკომენდებულია პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ტამპონების, ვაგინალურის სანთლების, ტაბლეტების გამოყენებასა და გამორეცხვაზე უარის თქმა. სქესობრივი კონტაქტი გამოირიცხება 2 დღით ადრე. პროცედურის დაწყებამდე საჭიროა ნაწლავების გაწმენდა. ოპერაცია ტარდება უზმოზე, ამიტომ საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს 10 საათით ადრე.
როგორ ტარდება ჰისტეროსკოპია
ოპერაციის მიმდინარეობისას პაციენტი განთავსებულია გინეკოლოგიურ სავარძელზე. ჩარევის სპეციფიკიდან გამომდინარე ტარდება ადგილობრივი, ან ინტრავენური სედაცია (მედიკამენტოზური ძილი). შემდეგ ექიმი იყენებს სპეციალურ ინსტრუმენტებს, რათა გააფართოვოს საშვილოსნოს ყელის არხი. მისი გავლით საშვილოსნოში შეყავთ სტერილური სითხე, ანდა გაზი. ეს აუცილებელია ორგანოს ღრუს გასაფართოებლად და დათვალიერების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. ამის შემდეგ საშვილოსნოს ყელის გავლით ჰისტეროსკოპი შეყავთ. ისტრუმენტის მოძრაობის პარალელურად ექიმი ათვალიერებს ყელის არხს, საშვილოსნოს ღრუს და სხვა სტრუქტურებს.
დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია შეიძლება გახდეს სამკურნალოც. პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელია ბიომასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისათვის, ასევე, პოლიპების, საშვილოსნოს მიომის მოცილება და ა. შ… პროცედურა მთავრდება ჰისტეროსკოპის გამოტანით საშვილოსნოდან.
ჰისტეროსკოპიის შემდგომი რეაბილიტაცია
ჰისტეროსკოპია, როგორც მცირეინვაზიური ჩარევა არ ითხოვს ხანგრძლივ აღდგენით პროცესს. რეაბილიტაციის დასაჩქარებლად და პოსტოპერაციული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში:
- გამოირიცხოს მძიმე ფიზიკური დატვირთვები;
- უარი ითქვას აბაზანაზე, საუნასა და აუზზე;
- არ ჩატარდეს გამორეცხვა;
- არ იქნას გამოყენებული ტამპონები.
ჩვენი ექიმები ინდივიდუალურად უპასუხებენ თქვენს კითხვებს. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია მოწინავე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ნებისმიერი სირთულის დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები. კლინიკის სპეციალისტები კი რეგულარულად იმაღლებენ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს.