გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკები ნაწლავზე და საჭიროა თუ არა მკურნალობის შემდეგ მისი აღდგენისთვის რაიმეს გაკეთება.
რა მოსიდს მიკროფლორას ანტიბიოტიკების მიღების დროს?
ნაწლავის მიკროფლორა — ეს არის მრავალი მიკროორგანიზმი, რომლებიც ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცხოვრობენ. ისინი მონაწილეობენ საკვების მონელებაში, ნივთიერებათა ცვლასა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
როდესაც ანტიბიოტიკს ვიღებთ, ის მოქმედებს იმ ბაქტერიებზე, რომლებიც ინფექციის მიზეზი გახდა, თუმცა ამავდროულად შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაწლავში მცხოვრები მიკროორგანიზმების ნაწილზეც. ამის გამო იცვლება მათ შორის არსებული ჩვეული თანაფარდობა.
ზოგიერთ ადამიანთან ასეთი ცვლილებები შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სხვებს კი მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეიძლება გამოუვლინდეთ შებერილობა, მუცლის ყურყური, განავლის ცვლილება ან დიარეა. ამ სიმპტომების გამოხატულება დამოკიდებულია თავად ანტიბიოტიკზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის თავისებურებებზე.
ამასთან, ანტიბიოტიკების შემდეგ მიკროფლორის ცვლილება აუცილებლად არ ნიშნავს რაიმე პათოლოგიურ მდგომარეობას. ნაწლავი ცოცხალი სისტემაა, რომელიც მუდმივად იცვლება და ადაპტირდება. მკურნალობის დასრულების შემდეგ მიკროორგანიზმების შემადგენლობა თანდათან კვლავ იწყებს ცვლილებას.
ჩნდება კითხვა: საჭიროა თუ არა მისთვის ამ პროცესში დახმარება? თუ უმეტეს შემთხვევაში ნაწლავს შეუძლია დამოუკიდებლად აღდგენა?
საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების შემდეგ პრობიოტიკების მიღება?
ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ პრობიოტიკები მკურნალობის თითქმის ჩვეულ გაგრძელებად იქცა. თუმცა არ არსებობს უნივერსალური წესი, რომ მათი მიღება ყველა ადამიანმა უნდა დაიწყოს.
თუ თავს ნორმალურად გრძნობთ, განავალი არ შეგცვლიათ და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ გაქვთ, პრობიოტიკების სპეციალური კურსი, როგორც წესი, საჭირო არ არის. ნაწლავს შეუძლია თანდათანობით დამოუკიდებლად მოერგოს ცვლილებებს.
ხოლო თუ დიარეა, შებერილობა ან სხვა დისკომფორტი გამოვლინდა? აქ უკვე მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა. ასეთი სიმპტომები ნამდვილად შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიბიოტიკების მიღებასთან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაწლავს უბრალოდ „სასარგებლო ბაქტერიები“ აკლია.
ზოგიერთ კონკრეტულ პრობიოტიკს შეუძლია ანტიბიოტიკების მიღების დროს დიარეის განვითარების რისკის შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობის შემდეგ ყველას სჭირდება „მიკროფლორის აღდგენის“ კურსი: ეფექტი დამოკიდებულია კონკრეტულ შტამსა და სიტუაციაზე.
მაშ, სჭირდება თუ არა ნაწლავს დახმარება?
- თუ არანაირი სიმპტომი არ გაქვთ:
სპეციალურად რაიმეს „აღდგენა“ საჭირო არ არის. დაუბრუნდით ჩვეულებრივ მრავალფეროვან კვებას და თქვენთვის ჩვეული რეჟიმს. - თუ შებერილობა ან მსუბუქი დისკომფორტი გამოვლინდა:
დააკვირდით საკუთარ მდგომარეობას. არ ღირს მაშინვე ნაწლავისთვის რამდენიმე პრეპარატის დაწყება — მცირე ცვლილებები შესაძლოა თანდათანობით თავისით გაქრეს. - თუ ანტიბიოტიკების მიღების დროს ან მის შემდეგ დიარეა გამოვლინდა:
დაუკავშირდით ექიმს. ტემპერატურის, ძლიერი მუცლის ტკივილის, განავალში სისხლის ან გაუწყლოების ნიშნების შემთხვევაში მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ექიმი გამორიცხავს პრეპარატის გვერდით ეფექტს და სხვა შესაძლო მიზეზებს, მათ შორის Clostridioides difficile-ით გამოწვეულ ინფექციას. - თუ მსგავსი სიმპტომები ყოველი კურსის შემდეგ ჩნდება:
განიხილეთ ეს ექიმთან. შესაძლოა საჭირო იყოს პრეპარატების ამტანობისა და იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც მსგავსი რეაქციების რისკს ზრდის.
მთავარი
პრობიოტიკები ხშირად აღიქმება, როგორც უვნებელი დანამატი. თუმცა სხვადასხვა პრეპარატში სხვადასხვა შტამებია, შესაბამისად, მათი მოქმედებაც შეიძლება განსხვავდებოდეს. მძიმე დაავადებებისა და დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში პრობიოტიკების მიღება ექიმთან უნდა შეათანხმოთ.
ამიტომ არ ღირს პრობიოტიკების ან სხვა საშუალებების დამოუკიდებლად შერჩევა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ნაწლავისთვის სასარგებლოდ ითვლება. თუ რაიმე ჩივილი გაჩნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რატომ წარმოიშვა ის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს, საჭიროა თუ არა რაიმე მკურნალობა.
SILK Medical-ში შეგიძლიათ მიმართოთ თერაპევტს ან გასტროენტეროლოგს. ექიმი შეაფასებს სიმპტომებს, გაარკვევს შესაძლო მიზეზებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევასა და მკურნალობას.
ზოგჯერ საუკეთესო პირველი ნაბიჯი კიდევ ერთი პრეპარატის შეძენა კი არა, არამედ იმის გარკვევაა, თუ რა ხდება სინამდვილეში.