თუ სახლში რეგულარულად გაწუხებთ სურდო, ხველა, თვალების გაღიზიანება ან ალერგიის სიმპტომები ძლიერდება, ყურადღება უნდა მიაქციოთ საცხოვრებელ გარემოს. განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ობი სასუნთქ სისტემაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ხანგრძლივ ზემოქმედებას და როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა.
რატომ ჩნდება ობი ბინაში?
ობი მიკროსკოპული სოკოებია, რომელთა სპორებიც გარემოში გვხვდება. მათი აქტიური ზრდისთვის აუცილებელია ტენიანობა. თუ შენობაში დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტენიანობა ნარჩუნდება, ზედაპირებზე შეიძლება სოკოს კოლონიები გაჩნდეს.
ყველაზე ხშირად ობი ჩნდება:
- სააბაზანოსა და სამზარეულოში;
- ფანჯრებთან და ფანჯრის ფერდობებზე;
- გარე კედლების კუთხეებში;
- კარადებისა და სხვა დიდი ავეჯის უკან, თუ ჰაერის ცირკულაცია დარღვეულია;
- არასაკმარისი ვენტილაციის მქონე ოთახებში;
- მილების გაჟონვისა და დაზიანების ადგილებში.
ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია კონდენსატი. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თბილი და ტენიანი ჰაერი ცივ ზედაპირს ეხება. შემოდგომასა და ზამთარში პრობლემა შეიძლება გაძლიერდეს: ფანჯრები უფრო ხშირად დახურულია, ოთახები იშვიათად ნიავდება, ხოლო საჭმლის მომზადებისა და შხაპის მიღების შემდეგ წარმოქმნილი ტენიანობა შენობაში უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ობი შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ კედლების ხილულ მონაკვეთებზე. ზოგჯერ სოკო შპალერის, იატაკის საფარის ქვეშ ან ავეჯის უკან ვითარდება, ამიტომ მუქი ლაქების არარსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ნესტის პრობლემა არ არსებობს.
როგორ მოქმედებს ობი სასუნთქ სისტემაზე?
ზრდის პროცესში ობი გარემოში გამოყოფს სპორებსა და სხვა მიკროსკოპულ ნაწილაკებს. შენობაში ჰაერის ჩასუნთქვისას ისინი შეიძლება სასუნთქ გზებში მოხვდეს.
ორგანიზმის რეაქცია დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სოკოს სახეობასა და კონტაქტის ხანგრძლივობაზე. ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები არ უვითარდება, სხვებში კი ნესტიან გარემოში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება და სასუნთქი სისტემის უკვე არსებული დაავადებების გამწვავება.
1. ალერგიული სურდო და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება
ობის სპორები შეიძლება ალერგენების როლს ასრულებდეს. მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში იმუნური სისტემა მათზე რეაგირებს, როგორც პოტენციურად საშიშ ნივთიერებებზე.
შეიძლება გამოვლინდეს:
- ხშირი ცემინება;
- ცხვირის გაჭედვა;
- ცხვირიდან წყლისებრი გამონადენი;
- ცხვირისა და თვალების ქავილი;
- თვალების სიწითლე და ცრემლდენა.
თუ ადამიანი ალერგენთან რეგულარულ კონტაქტს აგრძელებს, სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს ან განმეორდეს. მუდმივი სურდო და ცხვირის გაჭედვა ხელს უშლის ნორმალურ ძილს, ამცირებს კონცენტრაციას და აუარესებს ზოგად თვითშეგრძნებას დღის განმავლობაში.
2. ხველა და სასუნთქი გზების გაღიზიანება
ნესტისა და ობის ზემოქმედებას შეიძლება თან ახლდეს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. შედეგად ჩნდება მშრალი ან პერიოდული ხველა, ყელში ფხაჭნის შეგრძნება და დისკომფორტი.
ზოგჯერ ადამიანი ამჩნევს, რომ სახლში ხველა ძლიერდება, ხოლო გარეთ გასვლის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება. ასეთი კანონზომიერება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ საცხოვრებელ გარემოს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.
ამასთან, ხველა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ობზე ალერგიასთან. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, ბრონქული ასთმა, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებები და სხვა მდგომარეობები. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ სცადოთ მიზეზის დამოუკიდებლად დადგენა მხოლოდ ერთი სიმპტომის საფუძველზე.
3. ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება
ნესტსა და ობს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბრონქული ასთმის მქონე ადამიანებმა. შენობაში სოკოვან ალერგენებთან და სხვა გამღიზიანებლებთან კონტაქტმა შეიძლება დაავადების სიმპტომების პროვოცირება ან გაძლიერება გამოიწვიოს.
შესაძლო გამოვლინებებია:
- ხველის შეტევები, განსაკუთრებით ღამით ან დილით ადრე;
- ხიხინი სუნთქვის დროს;
- მკერდის შებოჭილობის შეგრძნება;
- ქოშინი;
- შეტევების გახშირება და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების უფრო ხშირად გამოყენების საჭიროება.
არასასურველი ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებისას ასთმის კონტროლი შეიძლება გართულდეს. ამიტომ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დანიშნული მკურნალობის დაცვა, არამედ, შესაძლებლობის ფარგლებში, სახლის გარემოში მაპროვოცირებელ ფაქტორებთან კონტაქტის შემცირებაც.
4. ძილის დარღვევა და ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება
ცხვირის მუდმივმა გაჭედვამ, ხველამ და თვალების გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სასუნთქ სისტემაზე. როდესაც სიმპტომები ღამით ძლიერდება, ადამიანს უარესად სძინავს, უფრო ხშირად ეღვიძება და დილით დასვენებულად არ გრძნობს თავს.
ხანგრძლივი დისკომფორტის ფონზე შეიძლება შემცირდეს შრომისუნარიანობა და ყურადღების კონცენტრაცია, გაჩნდეს დაღლილობა და გაღიზიანებადობა. ეს ობის ზემოქმედების სპეციფიკური ნიშნები არ არის, თუმცა შეიძლება თან ახლდეს ქრონიკულ ალერგიულ და რესპირატორულ სიმპტომებს.
5. სოკოვანი ინფექციების მომატებული რისკი დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობისთვის საყოფაცხოვრებო ობთან კონტაქტი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდება სოკოვანი ინფექცია. თუმცა, გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში, ასევე ზოგიერთი მძიმე დაავადებისა და მდგომარეობის დროს, გარკვეული სახეობის სოკოებით გამოწვეული ინფექციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
ასეთ შემთხვევებში დაზიანება შეიძლება ფილტვებსაც შეეხოს და სპეციალიზებულ მკურნალობას საჭიროებდეს. ეს ცალკე სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც არ უნდა აგვერიოს ობზე ჩვეულებრივ ალერგიულ რეაქციებში.
ვინ არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ობის ზემოქმედების მიმართ?
მიუხედავად იმისა, რომ ნესტი და ობი ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეიძლება არსასარგრბლო იყოს, ზოგიერთი ჯგუფი მათ ზემოქმედებას უფრო მეტად ექვემდებარება:
- ბრონქული ასთმის მქონე ადამიანები. ობთან კონტაქტმა შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები და გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.
- ალერგიული რინიტისა და სხვა ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები. მათ შეიძლება უფრო ხშირად აღენიშნებოდეთ სურდო, ცემინება, ქავილი და თვალების გაღიზიანება.
- ბავშვები. მათი სასუნთქი სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება, ამიტომ საცხოვრებელ გარემოში არსებული პირობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. დამატებითმა გამღიზიანებლებმა შეიძლება გააუარესოს მათი თვითშეგრძნება და დაავადების მიმდინარეობა.
- გამოხატულად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები. მათთვის ზოგიერთი სახეობის სოკო უფრო სერიოზულ ინფექციურ საფრთხეს წარმოადგენს.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ამ ჯგუფებს მიეკუთვნება, მნიშვნელოვანია არ გადადოთ ნესტის წყაროს აღმოფხვრა და განმეორებადი სიმპტომები ექიმთან განიხილოთ.
როგორ მივხვდეთ, რომ სიმპტომები შესაძლოა ობთან იყოს დაკავშირებული?
ასეთი კავშირის დამოუკიდებლად დადგენა რთულია: ხველა, სურდო, ყელში ფხაჭნის შეგრძნება და თვალების გაღიზიანება სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.
მიუხედავად ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე გარემოებას:
- სიმპტომები უფრო ხშირად სახლში ჩნდება ან ძლიერდება;
- ბინაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ მდგომარეობა უარესდება;
- კედლებზე, ჭერზე ან ფანჯრებთან ობის კვალი შეინიშნება;
- ოთახში ნესტის მუდმივი სუნია;
- საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან სახლიდან ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ სიმპტომები იცვლება;
- მსგავსი ჩივილები ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.
ასეთი დაკვირვებები სასარგებლოა ექიმისთვის გასაზიარებლად. ისინი დაეხმარება სპეციალისტს შეაფასოს შესაძლო კავშირი თვითშეგრძნებასა და საცხოვრებელ პირობებს შორის, თუმცა თავისთავად ობზე ალერგიას არ ადასტურებს.
რა შეიძლება გავაკეთოთ ობის ზემოქმედების შესამცირებლად?
მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ხილული ლაქების მოცილება, არამედ მაღალი ტენიანობის მიზეზის აღმოფხვრა. თუ ნესტის წყარო შენარჩუნდება, ობი შეიძლება კვლავ გაჩნდეს.
ბინაში უფრო ჯანსაღი მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია:
- ოთახების რეგულარული განიავება და ვენტილაციის გამართულობის კონტროლი;
- ჰაერის ტენიანობის კონტროლი: სასურველია მისი შენარჩუნება დაახლოებით 30–50%-ის ფარგლებში და 60%-ზე მეტი ტენიანობის ხანგრძლივად შენარჩუნების თავიდან აცილება;
- მილების, სახურავისა და ფანჯრების გაჟონვის დროული აღმოფხვრა;
- საჭმლის მომზადების დროს და შხაპის მიღების შემდეგ გამწოვის გამოყენება;
- დიდი ზომის ავეჯის ცივ გარე კედლებთან მჭიდროდ არ მიდგმა, თუ ეს ჰაერის ცირკულაციას აფერხებს;
- აღმოჩენილი ობის უსაფრთხო მეთოდით მოცილება, ხოლო დიდი ან განმეორებადი კერების შემთხვევაში სპეციალისტებისთვის მიმართვა.
არ არის რეკომენდებული ლაქების უბრალოდ გადაღებვა ან შპალერით დაფარვა: ეს არ აღმოფხვრის არც სოკოს და არც მისი გაჩენის მიზეზს. შენობის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში დასუფთავება უმჯობესია სპეციალისტებს მიანდოთ. ასთმის, გამოხატული ალერგიის ან დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს არ ურჩევენ ობის დიდი კერების დამოუკიდებლად მოცილებას.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ სურდო, ხველა ან თვალების გაღიზიანება მეორდება და დიდი ხნის განმავლობაში არ გაივლის, მნიშვნელოვანია მათი მიზეზის დადგენა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სახლში ძლიერდება, ხელს უშლის ძილს ან თან ახლავს ხიხინი და ქოშინი.
ჩივილების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს ალერგოლოგის, პულმონოლოგის ან ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. ექიმი დააზუსტებს, როდის და რა გარემოებებში ჩნდება სიმპტომები, შეაფასებს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს დანიშნავს.
დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალერგოლოგიური ტესტები, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა და სხვა მეთოდები — მათი შერჩევა სიმპტომების სავარაუდო მიზეზზეა დამოკიდებული. ბინაში ობის არსებობის ფაქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანს სწორედ მასზე აქვს ალერგია.
გამოხატული ან მზარდი ქოშინის, სუნთქვის გაძნელებისა და მოხრჩობის ძლიერი შეტევის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების პირობებისადმი ყურადღებით იწყება
ბინაში ნესტი და ობი მხოლოდ კომფორტისა და რემონტის მდგომარეობის საკითხი არ არის. მაღალი ტენიანობისა და ობის მქონე შენობაში ხანგრძლივი ყოფნა შეიძლება დაკავშირებული იყოს ალერგიულ გამოვლინებებთან, ხველასთან და ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესებასთან.
ამასთან, ყველა სურდო ან ხველა ობით არ არის გამოწვეული. იმისთვის, რომ დაავადება არ გამოგვეპაროს და თვითმკურნალობას არ მივმართოთ, მნიშვნელოვანია დროულად მივაკითხოთ ექიმს და გავარკვიოთ სიმპტომების გამომწვევი მიზეზები.
SILK Medical-ში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი პროფილის სპეციალისტს, რათა შეაფასოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩაიტაროთ საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიიღოთ რეკომენდაციები შემდგომი მკურნალობის შესახებ. ექიმი დაგეხმარებათ ჩივილების შესაძლო მიზეზების დადგენასა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში.
არ უნდა შევეგუოთ მუდმივ ხველას, ცხვირის გაჭედვას ან სუნთქვის გაძნელებას და ეს ყველაფერი მხოლოდ შემოდგომის ამინდს არ უნდა დავაბრალოთ. რაც უფრო ადრე დადგინდება სიმპტომების მიზეზი, მით უფრო მარტივი იქნება პრობლემის გადასაჭრელად სწორი მიდგომის შერჩევა.